აშშ-ჩინეთი

ჩინეთი ბაიდენის კომენტარზე: უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლოა

სი ძინფინგი და ჯო ბაიდენი

ბაიდენის კომენტარს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი დიქტატორია, ჩინეთი "უკიდურესად აბსურდულს და უპასუხისმგებლოს" უწოდებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, ბაიდენის კომენტარები "სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტებს, დიპლომატიურ პროტოკოლს მნიშვნელოვნად არღვევს და სასტიკად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას".

"ეს არის აშკარა პოლიტიკური პროვოკაცია. ჩინეთი ძლიერ უკმაყოფილებასა და წინააღმდეგობას გამოხატავს". - დასძინა მაომ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს დიქტატორი ენტონი ბლინკენის მიერ პეკინში დიპლომატიური დაძაბულობის შესამცირებლად გამართული ვიზიტის შემდეგ უწოდა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 19 ივნისს სი ძინფინგს შეხვდა.

შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა.

კომენტარები