აშშ-ჩინეთი

ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ამერიკელ ოფიცერს 27-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ვენხენგ "თომას" ჭაო
PO 2nd Class Michael Lopez/U.S. Navy Photo

8 იანვარს შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეზღვაურს, 26 წლის ოფიცერს, ვენხენგ "თომას" ჭაოს აშშ-ს სამხედრო არასაიდუმლო ინფორმაციის შემცველი ფოტოების სანაცვლოდ ჩინეთის დაზვერვის ოფიცრისგან 15 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 27-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ჭაომ ოქტომბერში ბრალდება აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო. მან კალიფორნიის ვენტურას ოლქში მდებარე საზღვაო ბაზაზე მუშაობისას ჩინეთის დაზვერვის ოფიცერს ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში აშშ-ს სამხედრო წვრთნების გეგმები, ოპერატიული ბრძანებები და იაპონიის ოკინავას პრეფექტურაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის ელექტრონული დიაგრამები და სარადარო სისტემების გეგმები გაუგზავნა.

სასჯელის სახით ჭაოს მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმრობასთან ერთად სასამართლომ ის 5 500 დოლარითაც დააჯარიმა.

"ჭაომ აირჩია ეღალატა ფიცისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადო და სხვები საფრთხის წინაშე დააყენა... დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების უუნარობას, თავიდან აიცილონ FBI-სა და ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორებისგან ჩინეთის მიერ გადაბირებული ჯაშუშების დაკავება და დევნა". - თქვა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული უსაფრთხოების ფილიალის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწემ, ლარისა ნაპმა.

9 იანვარს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინგმა და თქვა, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"არ ვიცი დეტალები, მაგრამ მინდა აღვნიშნო აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნების განცხადება, რომ მათ ჩინეთში ჯაშუშური ქსელის აღდგენაში პროგრესს მიაღწიეს... ამერიკა, ერთის მხრივ, არაერთხელ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ეგრეთ წოდებული ჩინელი ჯაშუშების შესახებ, მეორე მხრივ კი ღიად აცხადებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ჯაშუშური მოქმედებების წამოწყება სურს. ეს ორმაგი სტანდარტია". - თქვა მაომ.

26 წლის ოფიცერი, ვენხენგ ჭაო საიდუმლო ფოტოებისა და ვიდეოების სანაცვლოდ ფულის აღებისთვის 2 აგვისტოს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს და 3 აგვისტოს ბრალი წარუდგინეს 22 წლის მეზღვაურს, ძინჩაო ვეის.

კომენტარები