პრიგოჟინის ამბოხება

დანილოვი: პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს, მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს ევგენ პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს.

როგორც დანილოვის აღნიშნავს, რუსეთში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრიგოჟინს დამოუკიდებლად არ მიუღია.

"პრიგოჟინს უნდა ჰყავდეს თანამზრახველები, რომლებიც კრემლში არიან. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს. სხვა საქმე ისაა, რომ ახლა ნახავენ როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ მაქსიმალურად ჩაერთვებიან". - თქვა დანილოვმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ რუსი სამხედრო არეულობისას ვაგნერელებს არ დაუპირისპირდნენ.

"უნდა ვთქვა, რომ სამხედროები არ ეწინააღმდეგებიან ვაგნერის ბოევიკებს, მეტიც, ადგილობრივი მცხოვრებლები მათ წყალს და საკვებს აწვდიან და უფასოდ უვსებენ საწვავს". - თქვა დანილოვმა

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, პრიგოჟინის უკან დგანან ძლიერი ადამიანები მაღალი წოდებებითა და მაღალი თანამდებობებით.

"ამჟამად არ მინდა ეთერში ვთქვა, ვინ არიან ესენი, სუროვკინი თუ ვინმე სხვა. დამიჯერეთ, პრიგოჟინს არ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად, ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის ფაქტი, რომ მის უკან დგანან ძლიერი ადამიანები მაღალი წოდებებით და მაღალი თანამდებობებით, არავისთვის საიდუმლო არ არის". - დასძინა მან.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრებოდა. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

ვლადიმირ პუტინმა მოვლენებს ღალატი, აჯანყება უწოდა და 1917 წლის მოვლენებსაც შეადარა. ის პირობას დებდა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა.

კომენტარები