რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

РДК რუს სამხედროებს: თქვენი იარაღები კრემლისკენ მიმართეთ

რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაური დენის კაპუსტინი
armyinform.com.ua

რუსულ მოხალისეთა კორპუსი (РДК) რუს სამხედროებს მოუწოდებს შეწყვიტონ უკრაინაში სასტიკი მკვლელობები და თავიანთი იარაღები კრემლის მიმართულებით შეატრიალონ. 

"ჯარისკაცებო, ოფიცრებო თქვენი დრო მოვიდა. თქვენი იარაღები კრემლისკენ მიმართეთ, ნუ მისცემთ კონფლიქტს უფლებას, რუსეთი სისხლში დაახრჩოს. დროა, შეწყდეს უკრაინელების უაზრო და სასტიკი მკვლელობები, ათასობით რუსის ფრონტის ხაზზე სიკვდილი, დაბრუნდით სახლებში, იქ, სადაც თქვენ საჭირო ხართ". - წერს РДК ტელეგრამ-არხზე. 

მოხალისეთა კორპუსი პუტინს ადანაშაულებს, რომ მან საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის სათანადოდ დაცვა ვერ შეძლო და რესურსები უაზრო ომის წარმოებისკენ მიმართა, რომელსაც კონკრეტული მაღალჩინოსნების გამდიდრების გარდა არანაირი მიზანი არ აქვს.

"ვაგნერთან კონფლიქტითა და უამრავი ტერიტორიის უბრძოლველად დათმობით მტკიცდება, რომ კრემლი შიდა არეულობისთვის სრულიად მოუმზადებელი იყო. ის მზადაა მოკლას და გაძარცვოს ხალხი სხვა ქვეყნებში, გააუპატიუროს მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინაში, მაგრამ არ არის მზად იმისთვის, რომ თავისი ხალხი საკუთარი ჯარისკაცების ომის დანაშაულებისგან დაიცვას. თქვენი ხრიკი პატიმრების მობილიზაციასთან დაკავშირებით უკანვე მოგიტრიალდათ. პუტინის ომით პროვოცირებული პუტჩის დრო დადგა. 

თანამედროვე რუსეთი თავისი მომავლისთვის არ იბრძვის. არც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ კრემლის ბაბუების ყალბი ღირებულებებისა და მათი საფულეების გასქელებისთვის. 

პუტინმა ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა. მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, 20-წლიანი შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოიყენა. მან მხოლოდ ის გააკეთა, რომ რუსეთი ფსკერამდე მიიყვანა". 


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები