ჩინეთი-რუსეთი

პესკოვი: ჩინეთი სუვერენულ უფლებებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების მიზნით იყენებს

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან რუსეთს საშუალებას აძლევს, დარწმუნებული იყოს, რომ სხვა ქვეყნებთან ასეთი ურთიერთობების დამყარება არასოდეს იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, ჩინეთი იყენებს თავის სუვერენულ უფლებებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების მიზნით. უფრო მეტიც, ძნელად ღირს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობის დაკნინება.

მაგრამ ჩვენი პარტნიორობის ხარისხი, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნებთან ასეთი ურთიერთობების დამყარება არასდროს იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ". - აღნიშნა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ერთმანეთს 19 ივნისს შეხვდნენ. ენტონი ბლინკენმა სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ჩინეთმა დაარწმუნა აშშ და სხვა ქვეყნები, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის და ამის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ამასთანავე, ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი ჩინეთის დიპლომატიური სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის დასრულებამდე კი 35-წუთიანი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთანაც გამართა.

კომენტარები