გამოცემა New York Times კიბერუსაფრთხოების ექსპერტებსა და მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის მთავრობამ სამხედრო საიდუმლოებების მოსაპოვებლად რუსული კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების წინააღმდეგ კიბერშეტევებს აწყობს.
NYT სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთს ჰაკერული თავდასხმების კამპანიის მეშვეობით რუსეთის საომარი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და პრაქტიკული მონაცემების მოძიება სურს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლური სანქციების ფონზე რუსეთი თავისი ნავთობის ექსპორტისათვის და ტექნოლოგიის შესყიდვისთვის ჩინეთზე არის დამოკიდებული. თუმცა, როგორც გამოცემასთან საუბრისას ექსპერტებმა აღნიშნეს, ჰაკერული თავდასხმები მიუთითებს, რომ პარტნიორობის მიუხედავად ჩინეთი რუსეთს მოწყვლად სამიზნედ აღიქვამს.
NYT წერს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დოკუმენტი მოიპოვეს, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები არის აღწერილი. გამოცემის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთს “მეტოქედ” მოიხსენიებს და მიუთითებს, რომ ჩინეთს სამომავლო კონფლიქტებისთვის მოსამზადებლად რუსეთის საომარი გამოცდილების შესწავლა სურს. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ ჩინეთს განსაკუთრებით დრონებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია აინტერესებს.
გამოცემა კიბერუსაფრთხოების კომპანიაზე, Palo Alto Network-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კორპორაციის, Ростех-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა მოაწყო.
ამასთან, 2023 წელს რუსულმა კიბერუსაფრთხოების ფირმამ, Positive Technologies-მა განაცხადა, რომ საჰაერო-კოსმოსურ სექტორში, კერძო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევები განხორციელდა. ჰაკერებმა თავდასხმებისთვის Deed RAT გამოიყენეს, რომელიც, კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თანახმად, ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფებების საკუთრებას წარმოადგენს.
გამოცემა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კიბერშეტევებში მონაწილე დაჯგუფებებს შორის არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფი, Mustang Panda.
როგორც NYT აღნიშნავს, Mustang Panda-ს შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას ჩინეთის მთავარ სადაზვერვო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან აქვს კავშირი. გამოცემის თანახმად, ჯგუფი თავდაპირველად სარტყლისა და გზის ინიციატივას უკავშირდებოდა, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ კი მიზანში რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამთავრობო ორგანიზაციებიც ამოიღო.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და იუსტიციის სამინისტრომ Mustang Panda-ს შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ჰაკერულმა დაჯგუფებამ ინფორმაციის მოპოვების მიზნით კომპიუტერული ვირუსები ათასობით კომპიუტერზე გაავრცელა. განცხადების თანახმად, თავდასხმის სამიზნეს მრავალი ამერიკელი წარმოადგენდა, თუმცა კიბერშეტევები, მათ შორის, ჩინელი დისიდენტების, ევროპული და აზიური სახელმწიფოების წინააღმდეგაც იყო მიმართული.
გამოცემასთან საუბრისას ექსპერტებმა თქვეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს სხვა ჩინური ჰაკერული დაჯგუფებებიც აწყობენ, მაგალითად, Slime19, რომელიც რუსეთის მთავრობის, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებს რეგულარულად აწყობს.
2009 წლისა და 2015 წლის შეთანხმებების ფარგლებში ჩინეთმა და რუსეთმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს არ მოაწყობდნენ. თუმცა, როგორც NYT წერს, ექსპერტები ამ დროისთვისაც ამბობდნენ, რომ განცხადება დიდწილად სიმბოლური ხასიათის იყო.
NYT აღნიშნავს, რომ ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს უკრაინაში ომამდეც აწყობდა, თუმცა ნაკლებად ხშირად, მაგალითად, 2021 წელს რუსული წყალქვეშა ნავების შემქმნელების წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმა მოაწყო.





