ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ საერთაშორისო კოორდინაცია. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, სერგეი შოიგუს პეკინში ვიზიტის დროს ისაუბრა.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე კოორდინაციის გაძლიერება, ბოლომდე ჩავრთოთ BRICS-ისა და SCO-ს როლი და გლობალური სამხრეთის საერთო მოძრაობის კონსოლიდირება მოვახდინოთ ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ" – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზეა და ის მიმართული არ არის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.
მანამდე, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზე, ტელეფონით ესაუბრა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზშია აღნიშნული, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და უკრაინაში არსებულ "კრიზისზე" ისაუბრეს.
ასევე, ცნობილია, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთში 9 მაისს აღნიშნავენ, ჩასვლას აპირებს.





