რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ხერსონში გაეროს მისიის არშეშვებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სირთულით ხსნის

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის არშეშვებასთან დაკავშირებით უკრაინაში ჰუმანიტარული კოორდინატორის, დენის ბრაუნის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს უკრაინელების მხრიდან ტერიტორიის დაბომბვის საშიშროება, რაც მისი თქმით, ართულებს მისიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

"იქ [უკრაინის მხრიდან] მიმდინარეობს მუდმივი დაბომბვა, მუდმივი პროვოკაციები, იბომბება სამოქალაქო ობიექტები, იბომბება ხალხი, მოსახლეობა, ხალხი იღუპება. ასე რომ, აქ ყველაფერი ძალიან რთულია - ძალიან რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა". - აღნიშნა პესკოვმა. 

რუსეთი კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად გაეროს არ უშვებს

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურის გავრცელებული განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერო დაზარალებულებთან წვდომის მოსაძებნად სამუშაოებს განაგრძობს. 

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად". - აღნიშნულია უკრაინაში ჰუმანიტარული კოორდინატორის, დენის ბრაუნის განცხადებაში.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები