რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ამის შესახებ განცხადებას გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახური ავრცელებს.
"გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით.
რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერო დაზარალებულებთან წვდომის მოსაძებნად სამუშაოებს განაგრძობს.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად". - აღნიშნულია უკრაინაში ჰუმანიტარული კოორდინატორის, დენის ბრაუნის განცხადებაში.
6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.
კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა.