მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

მუშობა ძველი გრაფიკით, ხელფასის 5%-ით ზრდა – ჯორჯიან მანგანეზის განცხადება გაფიცვაზე

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, 12 ივნისი
მაღაროელი / Facebook

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მაღაროელთა 12-დღიანი გაფიცვის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც".

ჯორჯიან მანგანეზის განცხადების თანახმად, კომპანია გასული 2 წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ აუდიტი ჩატარდება. 

"ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია. ჯორჯიან მანგანეზში დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურაში მე-12 დღეა ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანებაც მიიყენა. ამასთან, მე-7 დღეა 10 მაღაროელი შიმშილობს, ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომენტარები