მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

16:00-ზე მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ, 21:00-ზე დაანონსებულია მხარდამჭერი აქციაც

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, 12 ივნისი
მაღაროელი / Facebook

19 ივნისს, 16:00-ზე გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ინფორმაცია გაფიცულების მიერ შექმნილ საინფორმაციო გვერდზე გავრცელდა. ამასთან, 21:00 საათზე დაანონსებულია მაღაროელთა მხარდამჭერი აქციიაც, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები აორგანიზებენ.

გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ ისინი ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და ყოველდღიურ პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

ჭიათურაში მე-13 დღეა ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ამასთან, მე-8 დღეა 10 მაღაროელი შიმშილობს, ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც".

კომენტარები