რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება გამოეხმაურა პესკოვის სიტყვებს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია "ფაქტობრივად შესრულდა"

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ნათქვამს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უკრაინის დემილიტარიზაციის დასახული გეგმა რუსეთმა ფაქტობრივად შეასრულა.

"შემდეგ ეპიზოდებში: ფაქტობრივად, ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დაკანარგი უკრაინაში, რასაც არავის ვეუბნებით, დაგვეხმარა შეცდომების გამოსწორებასა და რუსეთის გაძლიერებაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე". – წერს კულება Facebook-ზე.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მართალია, როცა პარტნიორებს ეუბნება, რომ პუტინი შეძლებს, რუსებს როგორც ყირიმის, ისე ზოგადად უკრაინის დაკარგვა აუხსნას.

"პარტნიორებისთვის მთავარია, არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია. ჩვენ კი ყოველდღიურად ვმუშაობთ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, გლობალური კოალიციის გაძლიერების მხარდასაჭერად. მშვიდობის ფორმულა და უკრაინის აღდგენა. ეს ყველაფერი იქნება". - დასძინა კულებამ.


კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, უკრაინის დემილიტარიზაციის დასახული გეგმა რუსეთმა ფაქტობრივად შეასრულა. 

პესკოვს ამას ირწმუნება იმ ფაქტის საფუძველზე, რომ უკრაინა უფრო მეტად იყენებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას.

"უკრაინა სპეცოპერაციის დაწყების მომენტში ძალიან მილიტარიზებული იყო. როგორც გუშინ პუტინმა თქვა, ერთ-ერთი დავალება იყო დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს დავალება დიდწილად შესრულებულია, რადგან უკრაინა უფრო და უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და უფრო მეტად იყენებს შეიარაღების სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან". – თქვა პესკოვმა.

აქამდე, გასულ დღეებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ დასახული მიზნები "იცვლება მიმდინარე სიტუაციის შესაბამისად", თუმცა, ამისდა მიუხედავად, მან დაამატა, რომ მთლიანობაში არაფერს შეცვლიან.

გასულ კვირებში პუტინის მიერ დასახული მიზნები: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და დონბასის მოსახლეობის დაცვა რამდენჯერმე გააკრიტიკეს მნიშვნელოვანმა პირებმა. 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრი კონსტანტინ ზატულინი ამბობდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია და მეტიც, ზოგიერთმა მიზანმა უკვე აზრი დაკარგა. დუმის დეპუტატი აღნიშნავდა, რომ უკრაინა არასდროს იქნება ნეიტრალური და რუსეთს არ აქვს საშუალება გადაწონოს ის დახმარება, რომელსაც კიევს დასავლეთი უწევს. 

ამას გარდა, 24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო.

კომენტარები