რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის, როგორც თავად უწოდებს ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები ვითარების შესაბამისად იცვლება, თუმცა მთლიანობაში არ იცვლება. ამის შესახებ მან სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ისინი (დასახული მიზნები) იცვლება მიმდინარე სიტუაციის შესაბამისად, მაგრამ, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, არაფერს არ შევცვლით. ისინი ჩვენთვის ფუნდამენტალური ხასიათისაა". – უპასუხა პუტინმა შეკითხვას, იცვლება თუ არა რუსეთის მიერ უკრაინაში დასახული მიზნები.
გასულ კვირებში პუტინის მიერ დასახული მიზნები: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და დონბასის მოსახლეობის დაცვა რამდენჯერმე გააკრიტიკეს მნიშვნელოვანმა პირებმა.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრი კონსტანტინ ზატულინი ამბობდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია და მეტიც, ზოგიერთმა მიზანმა უკვე აზრი დაკარგა. დუმის დეპუტატი აღნიშნავდა, რომ უკრაინა არასდროს იქნება ნეიტრალური და რუსეთს არ აქვს საშუალება გადაწონოს ის დახმარება, რომელსაც კიევს დასავლეთი უწევს.
ამას გარდა, 24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო.





