რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ფაქტობრივად, უკრაინის დემილიტარიზაციის დავალება შესრულებულია

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, უკრაინის დემილიტარიზაციის დასახული გეგმა რუსეთმა ფაქტობრივად შეასრულა. 

პესკოვს ამას ირწმუნება იმ ფაქტის საფუძველზე, რომ უკრაინა უფრო მეტად იყენებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას.

"უკრაინა სპეცოპერაციის დაწყების მომენტში ძალიან მილიტარიზებული იყო. როგორც გუშინ პუტინმა თქვა, ერთ-ერთი დავალება იყო დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს დავალება დიდწილად შესრულებულია, რადგან უკრაინა უფრო და უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და უფრო მეტად იყენებს შეიარაღების სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან". – თქვა პესკოვმა.

აქამდე, გასულ დღეებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ დასახული მიზნები "იცვლება მიმდინარე სიტუაციის შესაბამისად", თუმცა, ამისდა მიუხედავად, მან დაამატა, რომ მთლიანობაში არაფერს შეცვლიან.

გასულ კვირებში პუტინის მიერ დასახული მიზნები: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და დონბასის მოსახლეობის დაცვა რამდენჯერმე გააკრიტიკეს მნიშვნელოვანმა პირებმა. 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრი კონსტანტინ ზატულინი ამბობდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია და მეტიც, ზოგიერთმა მიზანმა უკვე აზრი დაკარგა. დუმის დეპუტატი აღნიშნავდა, რომ უკრაინა არასდროს იქნება ნეიტრალური და რუსეთს არ აქვს საშუალება გადაწონოს ის დახმარება, რომელსაც კიევს დასავლეთი უწევს. 

ამას გარდა, 24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო.

კომენტარები