გირჩი-მეტი თავისუფლება

პარლამენტის წინ ჩავატარებთ იმ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ – IFIL

ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიისა და გირჩი-მეტი თავისუფლებას ცნობით, დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ ჩაატარებენ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ბორჯომში ორკები ცდილობდნენ.  

"ბანაკის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, გადავწყვიტეთ, ფართო მასას მივცეთ შესაძლებლობა - დაესწროს ჩვენს აქტივობას.

დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ჩავატარებთ იმ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ.

ძირითადად ვისაუბრებთ სიტყვის თავისუფლებაზე და დავიკიდებთ ხალხს, ვინც აქტიურად ებრძვის ამ ინსტიტუტს.

ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ჩვენს გაჩუმებას ეცდება". - წერია მათი ღონისძიების აღწერაში. 

დღეს, 17 ივნისს, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებს. 

პარტია ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, უცნობი პირი დაესხა თავს ზურაბ ჯაფარიძესაც. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა. 

მანამდე, მაისში, სამთავრობო ტელევიზიამ, TV იმედმა გირჩი-მეტი თავისუფლების ბანაკთან დაკავშირებით მოამზადა დეზინფორმაციული სიუჟეტი - "როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს ქართული გაზაფხულისა და ქართული მაიდნისთვის". მათი თქმით, ბანაკში ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ. ამის შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდაც ალაპარაკდა.

"ზოგადად რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე, როცა ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ ალბათ ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმედის პროპაგანდისტული სიუჟეტის მასალის ნაწილს საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი ბანაკთან.

"იმედის სიუჟეტი არ არის საგამოძიებო რეპორტაჟი, ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია. ბევრი აქვთ ნამუშევარი, მასალები თვეების განმავლობაშია შეგროვებული. მასალის ნაწილს კავშირი საერთოდ არ აქვს ბანაკთან." - გამოეხმაურა სიუჟეტს ჯაფარიძე.

კომენტარები