გირჩი-მეტი თავისუფლება

ომბუდსმენი ბორჯომში ბანაკში მყოფებსა და ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას "კატეგორიულად გმობს"

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბორჯომში ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკზე და გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას "კატეგორიულად გმობს". 

"საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას. ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.   

სახალხო დამცველი  მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი". - წერია განცხადებაში. 

ომბუდსმენის განცხადებით, მანდატის ფარგლებში აღნიშნულ ფაქტს შეისწავლის. 

ომბუდსმენის განცხადებას ზურაბ ჯაფარიძე ასე გამოეხმაურა: 


დღეს, 17 ივნისს, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებს. 

პარტია ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, უცნობი პირი დაესხა თავს ზურაბ ჯაფარიძესაც. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა. 

მანამდე, მაისში, სამთავრობო ტელევიზიამ, TV იმედმა გირჩი-მეტი თავისუფლების ბანაკთან დაკავშირებით მოამზადა დეზინფორმაციული სიუჟეტი - "როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს ქართული გაზაფხულისა და ქართული მაიდნისთვის". მათი თქმით, ბანაკში ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.

ამის შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდაც ალაპარაკდა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, უცხოური ფულით დაფინანსებული ტრენინგები იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელია.

"ზოგადად რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე, როცა ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ ალბათ ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს" - თქვა კობახიძემ.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმედის პროპაგანდისტული სიუჟეტის მასალის ნაწილს საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი ბანაკთან.

"იმედის სიუჟეტი არ არის საგამოძიებო რეპორტაჟი, ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია. ბევრი აქვთ ნამუშევარი, მასალები თვეების განმავლობაშია შეგროვებული. მასალის ნაწილს კავშირი საერთოდ არ აქვს ბანაკთან." - ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები