გირჩი-მეტი თავისუფლება

მოქალაქე: ბორჯომში ქვების სროლით გამომეკიდნენ – სასტუმროში ორსული და ბავშვებიც იყვნენ

მოქალაქე, ვახტანგ ბერიკაშვილი წერს, რომ ბორჯომში გირჩი-მეტი თავისუფლების ბანაკზე თავდასხმისას ორკები გინებითა და ქვების სროლით გაეკიდნენ. მისივე ცნობით, მასთან ერთად სასტუმროში ისვენებდნენ ბავშვები და ორსული ქალი. 

"ახალგაზრდები ვისვენებდით იგივე სასტუმროში, სადაც გირჩი ატარებდა ტრენინგს. ჩვენთან ერთად ისვენებდნენ ბავშვები, ორსული ქალი.

ეზოს გარეთ გავედი, არ ვიცოდი რა ხდებოდა, დამინახეს და გინებით და ქვების სროლით გამომეკიდნენ. ეზოში რომ დავბრუნდი, რამდენიმე ქვის სროლის შემდეგ საღებავებიანი კვერცხები გვესროლეს. გარეთ გირჩის ერთ-ერთი მანქანა დალეწეს.

პატრული 112-ში დარეკვიდან (ბორჯომიდან ~15 წუთის გზააა) დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ამოვიდა.

ეზოში არ შემოსულან, გარედან იგინებოდნენ. მიზანი არის ჩვენი დაშინება, ყველასი.

ასე გამოიყურება რუსეთი." - წერს ის. 


დღეს, 17 ივნისს, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებს. 

პარტია ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, უცნობი პირი დაესხა თავს ზურაბ ჯაფარიძესაც. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა. 

მანამდე, მაისში, სამთავრობო ტელევიზიამ, TV იმედმა გირჩი-მეტი თავისუფლების ბანაკთან დაკავშირებით მოამზადა დეზინფორმაციული სიუჟეტი - "როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს ქართული გაზაფხულისა და ქართული მაიდნისთვის". მათი თქმით, ბანაკში ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.

ამის შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდაც ალაპარაკდა. ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოური ფულით დაფინანსებული ტრენინგები იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემაშფოთებელია.

"ზოგადად რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე, როცა ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ ალბათ ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს" - თქვა კობახიძემ.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმედის პროპაგანდისტული სიუჟეტის მასალის ნაწილს საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი ბანაკთან.

"იმედის სიუჟეტი არ არის საგამოძიებო რეპორტაჟი, ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია. ბევრი აქვთ ნამუშევარი, მასალები თვეების განმავლობაშია შეგროვებული. მასალის ნაწილს კავშირი საერთოდ არ აქვს ბანაკთან." - ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები