ჩინეთი

სი ძინპინი: ჩინეთი მზად არის, შეასრულოს პოზიტიური როლი ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებში

"ჩინეთი მზად არის, შეასრულოს პოზიტიური როლი პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებაში". – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა პალესტინელ პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"პალესტინის საკითხის ფუნდამენტური გამოსავალია 1967 წელს დადგენილი საზღვრებით პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება მისი დედაქალაქი". – თქვა ჩინეთის ლიდერმა ჩინურ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

გუშინ, 14 ივნისს, პალესტინის პრეზიდენტის ჩინეთში სამ-დღიანი ვიზიტის დროს,  ორი ქვეყნის ლიდერებმა დაანონსეს მხარეებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება და ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს, რომელთა მიზანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და დიპლომატიურ სფეროში დაახლოებაა.

"ჩვენ ყოველთვის მყარად მხარს ვუჭერდით პალესტინელი ხალხის სამართლიან მიზანს, აღიდგინონ თავიანთი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები". – თქვა ჩინეთის ლიდერმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი ცდილობს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი როლის გაზრდას კონფლიქტების მოგვარების პროცესში. 

6 აპრილს, 7 წლის შემდეგ პირველად საუდის არაბეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ჩინეთში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ორ დიდ რეგიონულ ძალას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იყო

საუდის არაბეთი და ირანი ურთიერთობის ნორმალიზებაზე მარტში, ჩინეთის მედიაციით შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და საელჩოების ხელახლა გახსნას. 

 

კომენტარები