ახლო აღმოსავლეთი

საუდის არაბეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ჩინეთში შეხვდნენ

7 წლის შემდეგ პირველად საუდის არაბეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ჩინეთში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ორ დიდ რეგიონულ ძალას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაა.

საუდის არაბეთი და ირანი ურთიერთობის ნორმალიზებაზე 1 თვის წინ, ჩინეთის მედიაციით შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და საელჩოების ხელახლა გახსნას. 

ჩინური მედია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხელს ართმევენ.

აღსანიშნავია, რომ ორ უმსხვილეს და ამავდროულად ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ რეგიონულ ძალას შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს არა აშშ, არამედ ჩინეთი ჩაუდგა სათავეში. ტრადიციულად, გასული საუკუნიდან მოყოლებული ახლო აღმოსავლეთი აშშ-ს გავლენის სფეროდ ითვლება და რეგიონში მყოფ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის რეგულირებაშიც აშშ ყოველთვის მოწინავე როლს ასრულებდა. 

აღნიშნული პროცესი კიდევ ერთი გამოვლინებაა ჩინეთის ამბიციების, რეგიონულიდან იქცეს გლობალურ მოთამაშედ.

საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან 2016 წელს გაწყვიტა, როდესაც თეირანში მდებარე მის საელჩოს თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნისთვის და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

"სამეზობლო პოლიტიკა, როგორც ირანის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მთავარი აქსისი, სწორი მიმართულებით მიდის და დიპლომატიური აპარატი აქტიურად ემზადება დამატებით რეგიონალური ნაბიჯებისთვის". – წერს ამირაბდოლაჰიანი twitter-ზე. 

აღნიშნულმა შეთანხმებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობაზე, ვინაიდან ირანი და ისრაელი ერთმანეთის მტერი სახელმწიფოები არიან. 

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები