მეცნიერებათა აკადემია

ყორშია: მეტრეველის შვილიშვილებმა ყველას დაურეკეს, რომ სიუჟეტი არ გასულიყო – 0%-ით მეშინია

მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნულ პრეზიდენტზე, როინ მეტრეველზე გაკეთებული სიუჟეტის შესახებ წერს და ამბობს, რომ მეტრეველის შვილიშვილებმა გუშინ ყველას დაურეკეს, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაწყვეტილიყო და არ გასულიყო. 

ჟურნალისტის თქმით, მუქარებით მისი დაშინება შეუძლებელია და არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას აპირებს. 

"გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბატონი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. 

იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ - 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ. მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია".- წერს ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

11 ივნისს მთავარი არხის  ეთერში ჟურნალისტის ბექა ყორშიას სიუჟეტი გავიდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მედია პრანკი იყო - იგი გასულ კვირას დანიშნულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა და არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

როინ მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ "ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება" და აკადემია მას სრულფასოვნად უჭერს მხარს. "რაკი თქვენ დამირეკეთ, მომავალ კვირაში თუ გამონახავს ბატონი ირაკლი 5 წუთს, უბრალოდ დაფიქსირდეს, რომ მიიღო აკადემიის პრეზიდენტი ბატონმა ირაკლიმ".- თქვა მეტრეველმა. 

ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ 83 წლის ადამიანის მიმართ ასე მოქცევა "არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო" და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. 

7 ივნისს როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

  • მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე და ბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო. 1972 წელს მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ დანიშნეს.
  • 1972 წელს მეტრეველი ცკ-ის პირველი მდივნის პოზიციაზე ედუარდ შევარდნაძის კონკურენტი იყო. შევარდნაძემ მეტრეველის მოშორება მოახერხა და საქართველოს კომპარტიიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა. ამის შემდეგ როინ მეტრეველი ცკ-დან გაუშვეს.
  • 1972 წელს როინ მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი — აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ დაინიშნა.
  • 1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.
  • 1988 წლის 1 ნოემბრიდან როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს — მდივნის მოვალეობას ასრულებს. ამავე პერიოდში იგი შეჰყავთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში.
  • 1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
  • მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევაში – კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში როინ მეტრეველის რექტორობის დროს კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი. 
  • 1993 წლიდან ის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2007 წლიდან კი აკადემიკოს მდივანი ხდება.
  • 2013 წლიდან დღემდე როინ მეტრეველი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი იყო.

კომენტარები