მეცნიერებათა აკადემია

იოსელიანი: თავდასხმით, ბულინგით ცდილობენ, აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, მთავარი არხის ეთერში გასული ბექა ყორშიას მიერ მომზადებული სიუჟეტი  მის გემოვნებაში არ ჯდება და დაკავებული თანამდებობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არ უზღუდავს. 

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, არ მოსწონს, როდესაც "ადამიანს ატყუებენ და აბუჩად იგდებენ, მითუმეტეს როცა ეს ხანშიშესულ ადამიანს ეხება". იოსელიანის შეფასებით სიუჟეტი ორგანიზებული თავდასხმა იყო. ამასთან, სახალხო დამცველი თვლის, რომ სოციალურ ქსელში მის პოსტზე რეაქციები თავდასხმა და ბულინგია. "თავდასხმით, ასეთი ბულინგით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სხვა დროს ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს".- ამბობს იოსელიანი. 

"მე მგონი აქ სხვადასხვა რაღაცაზეა საუბარი. მე უბრალოდ იმ ადამიანების მიკვირს, ადამიანური პოზიცია, გამოხატული კონკრეტული ჩემი აზრით, რაღაც ჟურნალისტური სიუჟეტის მიმართ, რომელიც არ ჯდება ჩემ გემოვნებაში. მე არ მომწონს, მე მაქვს ამის უფლება, სახალხო დამცველი რომ ვარ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება შემიზღუდა, მე შემიძლია დავაფიქსირო და ყოველთვის ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, მე არ მომწონს როდესაც ადამიანს ატყუებენ, აბუჩად იგდებენ, ამცირებენ დაა.შ. მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ხანშიშესულ ადამიანს. რაც შეეხება ყველა სხვა საკითხს, თუ ვიღაცას რაღაც მტკიცებულება აქვს, ამ ადამიანს დანაშაული მიუძღვის, ეს სხვა საკითხია. ამას ჩემი პოსტი საერთოდ არ ეხებოდა, ჩემი პოსტი ეხებოდა სულ სხვა რამეს. 

უბრალოდ,ჩემთვის გასაკვირი არის ასეთი ორგანიზებული თავდასხმა. თან ცუდი კი არ მითქვამს ამ ადამიანზე რამე ვინც ეს გააკეთა. უბრალოდ ვთქვი, რომ ეს არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება ამაზე კარგი რამეც გააკეთო, ხომ?! საბოლოო ჯამში, მე რა ტენდენციაც დავინახე, რომ მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მითუმეტეს როგორც სახალხო დამცველს, ეს თავდასხმით, ასეთი ბულინგით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სხვა დროს ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება".- ამბობს სახალხო დამცველი პალიტრა ნიუსის ეთერში საუბრისას. 

11 ივნისს მთავარი არხის  ეთერში ჟურნალისტის ბექა ყორშიას სიუჟეტი გავიდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მედია პრანკი იყო - იგი გასულ კვირას დანიშნულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა და არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

როინ მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ "ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება" და აკადემია მას სრულფასოვნად უჭერს მხარს. "რაკი თქვენ დამირეკეთ, მომავალ კვირაში თუ გამონახავს ბატონი ირაკლი 5 წუთს, უბრალოდ დაფიქსირდეს, რომ მიიღო აკადემიის პრეზიდენტი ბატონმა ირაკლიმ".- თქვა მეტრეველმა. 

ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ 83 წლის ადამიანის მიმართ ასე მოქცევა "არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო" და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. 

7 ივნისს როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

კომენტარები