ბირთვული იარაღი

SIPRI: მსოფლიოში საბრძოლო შესაძლებლობის მქონე ბირთვული ქობინების რაოდენობა გაიზარდა

ჩინური ბირთვული შესაძლებლობის მქონე კონტინენტთაშორისი რაკეტები პეკინში გამართულ პარადზე.
Tao Liang/Xinhua/Alamy

შვედეთის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში იმაზე მეტი ბირთვული იარაღია საბრძოლო მდგომარეობაში, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო. პარალელურად, მთავარ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციები ბოლო წლებში ისტორიულ მინიმუმამდეა დასული.

SIPRI-ის შეიარაღებისა და განიარაღების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარში იმ ბირთვული ქობინების რაოდენობა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, 9 576 ერთეულს უტოლდებოდა. ეს რაოდენობა გასული წლის მონაცემებთან შედარებით 86-ით არის გაზრდილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში ოპერატიული ქობინების შემცირების პროცესი შეჩერდა და მათი რიცხვი კვლავ იზრდება.

"ამ დიდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და უნდობლობის დროს, როცა ბირთვული შეიარაღების მქონე მოწინააღმდეგეებს შორის კომუნიკაციის ხაზები დახურულია ან ძლივსღა მოქმედებს, არასწორი გათვლის, გაუგებრობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევის ალბათობა მიუღებლად მაღალია". – თქვა SIPRI-ის დირექტორმა, დან სმითმა.

სმითის თქმით, არსებობს დაუყოვნებელი საჭიროება, რომ ბირთვული დიპლომატია აღდგეს და ქობინებზე საერთაშორისო კონტროლი გაძლიერდეს.

გამოყენებადი 9 756 ქობინიდან 2 000 მაღალ მზადყოფნაშია მოყვანილი, მათი უმეტესობა აშშ-სა და რუსეთის მფლობელობაშია. ეს ქობინები დამონტაჟებულია რაკეტებზე ან განთავსებულია საჰაერო ბაზებზე, სადაც ბირთვული ბომბდამშენები მდებარეობენ.

მსოფლიოში ცხრა ბირთვული სახელმწიფოა: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა და ისრაელი. SIPRI-ის ცნობით, მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების 90% აშშ-სა და რუსეთის საკუთრებაშია. თუმცა, SIPRI-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ამ ორი მხარის ბირთვული არსენალი თანაბრად სტაბილური დარჩა, მაგრამ შემცირებულია ბირთვული ძალების გამჭვირვალობა. რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაუარესდა.

რუსეთი აშშ-სთან New START-ის ბირთვული შეიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს

SIPRI-ის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვან გაიზარდა ჩინეთის ბირთვული არსენალი. თუ გასული წლის იანვარში პეკინს 350 ქობინი ჰქონდა, 2023 წლის იანვარში 410 ერთეულამდე ავიდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება.

SIPRI-ის მიხედვით, სავარაუდოდ, უცვლელია დიდი ბრიტანეთის ბირთვული არსენალი, თუმცა, რადგან 2021 წელს ლონდონმა მიზნად დაისახა ქობინების რაოდენობის 225-დან 260-მდე გაზრდა, მოსალოდნელია, რომ მომავალში მათი ბირთვული შეიარაღება გაიზრდება. 

SIPRI-ის მიხედვით, სავარაუდოდ, ბირთვულ შეიარაღებას ზრდიან ინდოეთი და პაკისტანი. ანგარიშში ნათქვამია, რომ პაკისტანი ორიენტირებულია ინდოეთის წინააღმდეგ მოქმედებაზე, თუმცა თავად ინდოეთი მნიშვნელობას ანიჭებს უფრო დიდი რადიუსის მქონე შეიარაღებას, მათ შორის ისეთი შესაძლებლობების, რომლებიც ჩინეთში მდებარე სამიზნეებსაც დაემუქრება.

ჩრდილოეთ კორეისთვის საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში ბირთვული შიეარაღება კვლავ მთავარი საზრუნავია. რაც შეეხება ისრაელს, რომელიც საჯაროდ არ აღიარებს, რომ ბირთვული ძალაა, ანგარიშის მიხედვით, არსენალს ასევე აფართოებს.

 

კომენტარები