აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-სთან New START-ის ბირთვული შეიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს

Reuters

რუსეთი აჩერებს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა და ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა და მზადყოფნაში არსებული ბირთვული იარაღის რაოდენობას არეგულირებდა. შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს ეწურება.

შეთანხმების შეჩერების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს ისაუბრა. 

პუტინის თქმით, აშშ NATO-ს საშუალებით რუსეთს შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმებს უყენებდა და ყველა პუნქტის შესრულებას სთხოვდა, როცა, მისივე მტკიცებით, ვაშინგტონი "თავის ნებაზე მოქცევას" გეგმავდა.

"იძულებული ვარ გამოვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს საკუთარ მონაწილეობას სტრატეგიული მოიერიშე შეიარაღების შეთანხმებაში. ვიმეორებ, კი არ ტოვებს შეთანხმებას, არამედ აჩერებს საკუთარ მონაწილეობას". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეთანხმების გაგრძელებამდე საჭიროა რუსეთმა იფიქროს NATO-ს სხვა წევრების ბირთვულ შეიარაღებაზეც, კერძოდ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთზე.

"სანამ ამ საკითხის განხილვას (შეთანხმების გაგრძელებას) დავუბრუნდებით, ჩვენ უნდა გავიგოთ, მაინც რაზე აქვს პრეტენზიები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი და როგორ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიულ [ბირთვულ] არსენალს, ანუ ალიანსის ერთობლივი იერიშის პოტენციალს". – თქვა პუტინმა. 

ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გამოცდას განიხილავენ. მან გააჟღერა მუქარა, რომ თუ აშშ ამას გააკეთებს, ბირთვულ იარაღს რუსეთიც გამოცდის.

"ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, ვაშინგტონში ზოგიერთი მოხელე უკვე საკუთარი ბირთვული იარაღის გამოცდაზე ფიქრობს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ახალი სახის ბირთვული საბრძოლო მასალის შემუშავება მიმდინარეობს. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ამ სიტუაციაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და როსატომმა უნდა უზრუნველყონ რუსული ბირთვული იარაღის გამოცდის მზაობა. რა თქმა უნდა, პირველი ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ თუ აშშ გამოცდას ჩაატარებს, ჩვენც ჩავატარებთ". – თქვა პუტინმა.

New START-ის შეთანხმების მიხედვით რეგულირდებოდა: 

  • 700 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM), წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტის (SLBM) და ბირთვული შეიარაღებისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბდამშენების განთავსება;
  • 1 550 ბირთვული ქობინის მოთავსება განთავსებულ ICBM-ებზე, SLBM-ებსა და ბირთვული შეიარაღებისთვის განკუთვნილ მძიმე ბომბდამშენებზე (სადაც თითო ბომბდამშენი თითო ქობინად ითვლებოდა);
  • 800 განთავსებული და არაგანთავსებული გამშვები დანადგარები ICBM-სთვის, SLBM-სთვისა და ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბდამშენებისთვის.

კომენტარები