ბირთვული იარაღი

ვლადიმირ პუტინის თქმით, ბირთვული იარაღი ბელარუსში 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება. მისი თქმით, ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტების მომზადება სწორედ ამ პერიოდში დასრულდება.

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს შესაბამისი ობიექტების მომზადება დასრულდება და დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს, რომელიც იარაღის განლაგებასთანაა დაკავშირებული. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ყველაფერი სტაბილურია". - თქვა პუტინმა.

პუტინმა დასძინა, რომ ლუკაშენკოსთან უსაფრთხოების საკითხებზე პირისპირ ისაუბრებს.

"ზოგადად, ვითარება სტაბილურია, მე ვიტყოდი, კარგიც კი. ჩვენ ამ სფეროში თავდაჯერებულად ვურთიერთობთ". - აღნიშნა მან.


25 მაისს, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის".

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

"ჩვენ არ გადავცემთ, აშშ-ც არ აძლევს [ბირთვულ იარაღს] საკუთარ მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ [ბირთვული იარაღი] აქვთ გარკვეულ მოკავშირე ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც ამავეს გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ ეს მთხოვა ალექსანდრ გრიგორევიჩმა (ლუკაშენკომ)". – აღნიშნა პუტინმა. 

კომენტარები