ბირთვული იარაღი

ფიშერი: რუსეთის შესაკავებლად, ევროკავშირს საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშკა ფიშერი

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, იოშკა ფიშერის აზრით, ევროკავშირს საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება. ამის შესახებ ფიშერმა Zeit Online-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ფიშერის შეფასებით, ევროკავშირს ბირთვული იარაღი პირველ რიგში რუსეთის ეფექტურად შეკავებისთვის ესაჭიროება.

"უნდა ჰქონდეს თუ არა გერმანიას ბირთვული იარაღი? არა. ევროპას? დიახ. ევროკავშირს ესაჭიროება საკუთარი ბირთვული პროგრამა". - ამბობს ფიშერი.

კითხვაზე თუ რამდენად შეესაბამება ეს პოზიცია მისი პარტიის, მწვანეების პოზიციას, რომელიც  ბირთვულ განიარაღებას უჭერს მხარს, ფიშერმა უპასუხა, რომ "მსოფლიო შეიცვალა" და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "ბირთვული შანტაჟითაც არის დაკავებული".

ამავდროულად, ფიშერი გერმანიის მთავრობას კონვენციური შეიარაღების წარმოებაში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ უნდა აღვიდგინოთ შეკავების უნარი. სანამ ჩვენ გვყავს მეზობელი, რუსეთი, რომელიც ემორჩილება პუტინის იმპერიულ იდეოლოგიას, ჩვენ რუსეთის შეკავების გარეშე ვერ ვიარსებებთ". - თქვა ფიშერმა.

კომენტარები