საქართველო-EU

დევინი: საქართველოს თანხვედრა EU-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოს თანხვედრა EU-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია და 28%-ს შეადგენს. ასევე, დევინის განმარტებით, ევროპა შეშფოთებულია მმართველი პარტიიის ანტიდასავლური გზავნილებით, რომელთა სამიზნეც საერთაშორისო პარტნიორები ან ევროპარლამენტის წევრები არიან.

"სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია. გასულ წელს, ის 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28%-ია მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი 100%-იც კია". - ამბობს დევინი.

დევინმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს წარსულში ქართული ოცნების გადაწყვეტილებები და ინიციატივები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან აშორებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის შანსს აზიანებს.

"უფრო მეტად ქართული ოცნების ლიდერების ძლიერი, ანტიდასავლური გზავნილები გვაშფოთებს, რომელთა სამიზნეც საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები ხდებიან". - ამბობს დევინი.

ასევე, დევისმა რუსეთთან უვიზო ფრენების აღდგენას მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს, დასანანი უწოდა.

"ჩვენ არასდროს, არც ახლა და არც წარსულში, არ გვითხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა, ის რაც ვნახეთ - რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ფრენები რუსეთის იზოლირების მიზნით აკრძალა, დასანანია. გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილი". - ამბობს ის.

კომენტარები