საქართველო-EU

Guardian: საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭება მმართველი პარტიის ძალაუფლებას გააძლიერებს

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ დეკემბერში ევროპელი დიპლომატები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან მაშინ, როდესაც გადაწყვეტენ მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

"ევროპელ დიპლომატებს ესმით რომ დილემის წინაშე არიან: კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ისინი მმართველ პარტიას დემოკრატიული უკუსვლისთვის დააჯილდოვებენ და მის ძალაუფლებას კიდევ უფრო გაამყარებენ, თუმცა, საქართველოსთვის უარის თქმას შეუძლია მოქალაქეებს იმედი დააკარგვინოს და ქართული ოცნების შეფარვითი მიმართება მოსკოვისადმი უფრო ძლიერად და თვალსაჩინოდ გარდაქმნას - ქართული ოცნების მოსკოვთან ჩახუტება გაუბედავიდან უფრო ენთუზიაზმით აღსავსე გახადოს, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა: "უარის თქმა მოვლენების სპირალს გამოიწვევს, რომელიც, შესაძლოა, ვეღარ გავაკონტროლოთ". - წერია სტატიაში.

ავტორის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ჯარები სრულად უკრაინაშია მობილიზებული და თბილისის ქუჩებს საფრთხე არ ემუქრება, ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ რუსეთი არა პირდაპირ, თუმცა შეფარვით უკვე იკავებს მათ ქვეყანას, ზღუდავს სუვერენიტეტს და პროდასავლურ მოსახლეობას თვალწინ ევროპულ მომავალს ართმევს. ხოლო, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, ამ ყველაფერს რუსეთი ქვეყნის მმართველი პარტიის დახმარებით აკეთებს - ქართული ოცნება, რომელიც თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, სულ უფრო და უფრო მეტად იხრება მოსკოვისკენ.

სტატიაში საუბარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზეც. ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ ფრენები ქვეყნებს შორის მაშინ აღდგა, როდესაც აშშ და ევროპა უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის იზოლირებას ცდილობენ. ნათქვამია ისიც, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რუსი ტურისტი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი იყო, რომელმაც ქვეყანაში შემოსვლა მოახერხა მაშინ, როდესაც ხელისუფლება რუს ოპოზიციონერ აქტივისტებს სულ უფრო ხშირად ბლოკავს საზღვარზე.

ასევე, Guardian-ის ცნობით, პრესის თავისუფლების ადვოკატირების ჯგუფმა - Open Caucasus Media-მ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან პირველი 5 თვის მანძილზე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის რიტორიკა გაანალიზა და დასავლეთის მიმართ 57, უკრაინის 26, ხოლო რუსეთის მიმართ მხოლოდ 6 კრიტიკული კომენტარი აღმოაჩინა.

"თბილისის თავისუფლების მოედანზე ჯერ კიდევ ფრიალებს NATO-სა და EU-ს ლურჯი დროშები, თუმცა, ქართული ოცნების კრიტიკოსები განმარტავენ, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკის ჭეშმარიტი მეტაფორაა: პროდასავლური ფასადის შენარჩუნება სუბსტანციური მნიშვნელობის გარეშე". - წერია სტატიაში.

კომენტარები