საქართველო-რუსეთი

რუსეთთან გაზრდილი ტრანზაქციები, ექსპორტი და მიგრაციული ტალღა – კვლევა

საქართველო-რუსეთი

რუსეთთან გაზრდილი ტრანზაქციები, ექსპორტი და მიგრაციული ტალღა – კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, IDFI-იმ 6 ივნისს გამოაქვეყნა ახალი ანგარიში – "რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში". 

დოკუმენტში სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების, ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა საშუალო და დიდი ზომის კომპანიების კონტექსტშია გაანალიზებული. 

კვლევის მეთოდოლოგია, დიდწილად, ოფიციალური დოკუმენტების, საჯარო რეესტრის მასალებისა და მედია რესურსების ანალიზს ეყრდნობა. 

სამშენებლო სექტორი

უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0.9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17.6%-მდე.

გარდა ამისა, IDFI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

ტურიზმი/სასტუმრო მომსახურება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 1 087 257 შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობის 23%-ია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით კი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $891 მილიონი შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული საერთო შემოსავლების 25%-ია.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში, უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ არსებობდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები.

საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38%-ით, სომხეთში კი - 197%-ით.

IDFI-ის კვლევის თანახმად, ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ - და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი.

საბანკო სექტორი

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161 032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს.

2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2 16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.

შესაბამისად, კვლევის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის  მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა.

კომენტარები