აშშ-ს არჩევნები

მაიკ პენსმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი წარადგინა

The Washington Post via Getty Images file

აშშ-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. მან განცხადებით ფედერალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

აშშ-ს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მხარდამჭერი მაიკ პენსი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს დაუპირისპირდება.

მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიას, სავარაუდოდ, 7 ივნისს დაიწყებს - ჩაერთვება რესპუბლიკელთა პრაიმერში და უშუალოდ დაუპირისპირდება მის ყოფილ უფროსს, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. 

მართალია, რესპუბლიკელი კანდიდატების მთავარი მიზანი პრეზიდენტ ბაიდენის დამარცხებაა - მან აპრილში უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მეორე ვადისთვის საარჩევნო კამპანიას იწყებდა და სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება დემოკრატიული პარტიის კანდიდატიც. თუმცა, პირველ რიგში, რესპუბლიკელ კანდიდატებს მოუწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ ტრამპის მხარდაჭერას პარტიაში.

წლის დასაწყისში პენსმა თქვა, რომ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის პერიოდში "იმედი გაუცრუა". იგი იმედოვნებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი "გონს მოვიდოდა" და აღიარებდა ამ დღის ძალადობას. 

პენსი, ამასთან არ ეთანხმებოდა ტრამპს რამდენიმე პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სოციალურ დახმარებისა და მკურნალობის შემცირება. 

პრაიმერში ტრამპის გარდა, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი, ბიზნესმენი, ვივეკ რამასვაიმი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, ასა ჰაჩინსონი იბრძვიან. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი გაზაფხულზე შეუერთდება.

როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?

კომენტარები