აშშ-ს არჩევნები

პრაისი პრიგოჟინს: არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ეცადონ ამას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი რუსი ბიზნესმენის და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა არ დაუშვებს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ეცადონ ამას. 

"ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, მაგრამ ყოველთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, მიუხედავად იმისა, საიდანაც არ უცადონ ამას. ეს ვაჩვენეთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებითაც". - აღნიშნა პრაისმა. 

"აშშ-ს არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და მომავალშიც ჩავერევით". -  პრიგოჟინმა ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. პრიგოჟინს აქამდე აშშ ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენის ქონის მცდელობაში ადანაშაულებდა. 

ნედ პრაისის განმარტებით, აშშ-მ ყველაფერი გააკეთა 2018 წლის არჩევნებში ჩარევის გამოსაძიებლად - სწორედ ამიტომ, საარჩევნო პროცესებსა და ინსტიტუტებში ჩარევისთვის, ქვეყანამ სანქციები დაუწესა პრიგოჟინს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, სახაზინო დეპარტამენტმა დანიშნა ინტერნეტის კვლევის სააგენტო, "მავნე კიბერ აქტორების" აღმოსაჩენად. 

პრიგოჟინს, რომელიც პუტინის მზარეულის მეტსახელითაცაა ცნობილი, ფორმალურად ბრალად ედება რუსეთში არსებული "ტროლების ფერმის" დაფინანსება.

2022 წლის ივლისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა $10 მილიონის ოდენობის ჯილდო მათთვის, ვინც პრიგოჟინის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევაზე ინფორმაციას მოიპოვებდა. რუსი ბიზნესმენი სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ. 

8 ნოემბერს ამერიკელები სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ირჩევენ.

2019 წელს პრიგოჟინის სამ კომპანიას 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან კავშირების გამო სანქციები დაუწესეს.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები