მარცვლეულის შეთანხმება

ვერ ვხედავთ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების პერსპექტივას – რუსეთის საგარეო

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა თქვა, რომ რუსეთი ვერ ხედავს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების პერსპექტივას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შესაძლებლობას ეხებოდა, ვერშინინმა უპასუხა. 

"ჩვენ მათ ვერ ვხედავთ [მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების პერსპექტივას], მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კონსულტაციებს გაეროს წარმომადგენლებთან იმ პაკეტის შეთანხმების ორივე ნაწილზე, რომელიც, მოგეხსენებათ, გასული წლის ივლისში გაფორმდა".

გარდა ამისა, ვერშინინმა აღნიშნა, რომ უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების მიზნით სხვადასხვა პირობას აყენებს, რამაც, მისივე თქმით, სიტუაცია ჩიხში შეიყვანა.

"ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ამიაკის საკითხი შედის სტამბოლში გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა გაიტანოს და გაიყიდოს, როგორც ორმხრივად მომგებიანი კომერციული გარიგება. სამწუხაროდ, სხვადასხვა სახის მოთხოვნების წამოყენება, როგორც ამას კიევი აკეთებს, არის ძალიან ცუდი და ამან სიტუაცია უკვე ჩიხში შეიყვანა". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აქამდე შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად სამომავლო გარანტიების შექმნის მიზნით, გაერომ უკრაინას, თურქეთსა და რუსეთს ამიაკის ექსპორტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებისკენ მოუწოდა.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

კომენტარები