რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის სამშვიდობო წარმომადგენელი: შეწყვიტეთ უკრაინაში იარაღის გაგზავნა

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ხუეი
AP Photo/Ng Han Guan

უკრაინის ომში “სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობისთვის” ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ხუეი სახელმწიფოებს მოუწოდებს შეწყვიტონ უკრაინაში ბრძოლის ველზე იარაღის გაგზავნა და გამართონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.

“ჩინეთს სჯერა, რომ თუ ნამდვილად გვინდა ომის დამთავრება, სიცოცხლის გადარჩენა და მშვიდობის დამყარება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეწყდეს იარაღის გაგზავნა ბრძოლის ველზე. სხვა შემთხვევაში დაძაბულობა მხოლოდ გაიზრდება”. - უთხრა ლიმ ჟურნალისტებს.

ლი თავისი 15-28 მაისის ვიზიტის ფარგლებში უკრაინას, რუსეთს, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ბრიუსელში ევროკავშირის ოფისს ეწვია, თუმცა ჩინელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია გამოიღო თუ არა რაიმე შედეგი მისმა ძალისხმევამ.

ჩინეთი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურია და მხოლოდ შუამავლის როლის შესრულება სურს, თუმცა აშკარაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურად მოსკოვს უჭერს მხარს.


რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ჩინეთს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სათქმელი არაფერი აქვს. საპასუხოდ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს კრემლისთვის იარაღის მოწოდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი აპრილის თვეში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და მის უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად გამართულ  სატელეფონო საუბარს მოჰყვა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსეი მასლოვის თქმით, ლი ხუეი, რომელიც 2019 წლამდე ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციას იკავებდა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მედიაციისთვის მოსკოვისთვის “საუკეთესო არჩევანია”.

ლი, რომელმაც წარსულში განაცხადა, რომ ჩინეთს “ძლიერი რუსეთი” სჭირდება, უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებში უნდობლობას იწვევს და ჩინეთის, როგორც მშვიდობის ნეიტრალური შუამავლის როლს დამატებით ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები