საქართველო-რუსეთი

პუტინი სავიზო რეჟიმზე: მეგონა, მადლობას იტყოდნენ – გაუგებარი მღელვარება მოჰყვა, უცნაურია

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 21 თებერვლის ფედერალური კრებისადმი მიმართვაზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, მადლობის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა რეალურად საკითხს "გაუგებარი ქარიშხალი" მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. მეგონა, ყველა იტყოდა, რომ, აი, მადლობა, კარგია. არა, იქ დაიწყო რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი მღელვარება ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია. და, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, სულ გაგიჟდნენ თუ რა ხდება? რა ხდება მათთან, გაუგებარია". - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მიზეზი საკურორტო სეზონის მოახლოებაც იყო. პუტინის თქმით, მას სურდა მხარი დაეჭირა "იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ, ამასთან რუსი ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა".

"ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გზის ნაწილი გავიაროთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ასე გავაგრძელებთ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეაგირება ექნებათ ჩვენს პარტნიორებს ამაზე".- თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ "საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რა გზით წავიდეს".

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოში დაფრინავს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები