საბერძნეთი

საბერძნეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი
REUTERS/Louiza Vradi

საბერძნეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოქალაქეები 300 წევრიან პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ

საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა.

გამოკითხვებით მმართველი ცენტრისტ-მემარჯვენე პარტია ახალი დემოკრატია ლიდერობს, თუმცა, ქვეყნის ახალი საარჩევნო რეფორმის მიხედვით, ის, სავარაუდოდ, აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მიიღებს. პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, პარტიას ცალსახა გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების 45%-ზე მეტი დასჭირდება.

დასავლური მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიები კოალიციას არ შექმნიან, მეტად სავარაუდოა, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს.

პარტია ახალ დემოკრატიას, რომლის თავმჯდომარეც პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისია, ამომრჩეველთა დაახლოებით 31-38% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე მემარცხენე ოპოზიციური ძალა სირიზაა, რომელიც ახალ დემოკრატებს 4-7 ქულით ჩამორჩება. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია არჩევნების პირველ ტურში აშკარა უპირატესობით ვერ გაიმარჯვებს, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულო რეიტინგის მიხედვით, პირველ სამ პარტიას ადმინისტრაციის შესაქმნელად სამდღიან მანდატს გადასცემს. ხოლო, თუკი პარტიები კოალიციის ფორმირებას ვერ შეძლებენ, პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება, დროებით მთავრობას დანიშნავს. 

ამომრჩევლები ხმის მიცემას ადგილობრივი დროით 16:00-მდე საათამდე შეძლებენ. 

კომენტარები