არჩევნები თურქეთში

თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

FT montage

თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. ამ დროისთვის ხმათა 99.87% დათვლილია. წინასწარი შედეგებით თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.5%-ით ლიდერობს, ხოლო ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმათა 44.89% აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზეა ულტრანაციონალისტი სინან ოღანი, რომელმაც, ამჟამინდელი მონაცემებით ხმათა 5.17% აიღო.

თუ არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, არჩევნები სავარაუდოდ 28 მაისს გაიმართება

"მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ გაცხადებულა, ჩვენ დიდი სხვაობით წინ ვართ. ჩვენმა ერმა გადაწყვეტილება მიიღო". - აღნიშნა ერდოღანმა თავის საარჩევნო შტაბიდან მიმართვაში. 

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის უწყებით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა:

"თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა". 


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, არჩევნების შედეგების ნაჩქარევი გამოცხადება ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ წასვლაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გავრცელებულ პირველ კომენტარში დაწერა.

"არჩევნები პოზიტიურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს". - წერს Twitter-ზე ერდოღანი.

სავარაუდოდ, ერდოღანის შენიშვნის ადრესატი მისი მთავარი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იყო, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ერდოღანზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. 

კომენტარები