შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შემდეგ ხორბლის ფასი დაეცა

Efrem Lukatsky - staff, AP

უკრაინისა და რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხორბლის ფასი დაეცა.

ახლა ჩიკაგოს ბირჟაზე ერთი ბუშელი (27.2 კგ) ხორბლის საფასური 2%-ით შემცირდა და 6.12 დოლარი გახდა.

საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან ხორბლის ფასმა 23%-ით, ხოლო გასული წლის მარტში დაფიქსირებული მაქსიმალური ღირებულებიდან, რამაც 14.30 დოლარი შეადგინა, 57%-ით დაიკლო.

"ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის. უკრაინული და რუსული პროდუქტები მსოფლიოს კვებავს". - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

სოფლის მეურნეობის მონაცემთა შემსწავლელი ფირმა Gro Intelligence-ის თანახმად, უკრაინა და რუსეთი ხორბლის გლობალური ბაზრის თითქმის მესამედს ამარაგებენ.


შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

უცნობია, დაკმაყოფილდა თუ არა შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნები. კერძოდ, მოიხსნა თუ არა კონკრეტული ტიპის რუსულ პროდუქციაზე სანქციები.

კომენტარები