შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გაგრძელდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 2 თვით გაგრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

"ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის შედეგად, რუსი მეგობრების მხარდაჭერითა და უკრაინელი ამხანაგების კონტრიბუციით გადაწყდა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება კიდევ 2 თვით გაგრძელდეს". - აღნიშნა საჯარო მიმართვაში ერდოღანმა. 

"მარცვლეულთან დაკავშირებით შეთანხმება 2 თვით გაგრძელდება. ამგვარად, არის შანსი, რომ მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფა არა სიტყვიერად, არამედ საქმით მოხდეს. პირველ რიგში, ეს ეხება ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებს. შეთანხმების ძირითადი პუნქტები 2022 წლის 22 ივლისის შემდეგ არ შეცვლილა, ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევასწოროთ ისინი". - აღნიშნა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდოდნენ, არსებული ხელშეკრულება 18 მაისს ძალას დაკარგავდა.  

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, დაკმაყოფილდა თუ არა შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნები. კერძოდ, მოიხსნა თუ არა კონკრეტული ტიპის რუსულ პროდუქციაზე სანქციები. 

კომენტარები