კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

კატრინ დენევმა კანის კინოფესტივალი ლესია უკრაინკას ლექსით გახსნა

Befunky

2023 კანის საერთაშორისო კინოფესტივალი კატრინ დენევის გამოსვლით გაიხსნა. სცენაზე შვილთან, კიარა მასტროიანისთან ერთად გამოსულმა ფრანგმა მსახიობმა ლესია უკრაინკას ლექსი "იმედი" წაიკითხა.

"იმედი" უკრაინკას პირველი ლექსია, რომელიც პოეტმა 9 წლის ასაკში, 1880 წელს დაწერა, როდესაც გაიგო რომ საკუთარი დეიდა ელენა კოსაჩი რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიამ ციმბირში გადაასახლა. ლექსის ქართული თარგმანი(თარგმანის ავტორი რობერტ მესხი) ასე ჟღერს:

"არც ბედი მერგო ცხოვრებაში, არც ძალა მივის,
დამირჩა რაიც - ერთადერთი იმედის სხივი.

უკრაინაში მინდა ჩასვლა, სხვა არაფერი,
დარწყულდეს თვალი მშობლიური მიწა-წყლის ცქერით.

მსურს კიდევ ერთხელ ჩემი დნეპრი ვიხილო, ლურჯი,
იქ არ ვინაღვლებ, სიკვდილსაც თუ ვერ გადავურჩი.

მოვიკითხავდი მონატრებულ სტეპს და საფლავებს,
მოვიგონებდი ყველა სურვილს, გულს რომ ლახვრავენ.

არც ბედი მერგო ცხოვრებაში, არც ძალა მივის,
დამირჩა რაიც - ერთადერთი იმედის სხივი".

კანის კინოფესტივალის ადმინისტრაცია ღიად მხარს უჭერს უკრაინას. 2022 წლის ფესტივალი ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვით გაიხსნა.

წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე კატრინ დენევია გამოსახული. ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი 27 მაისს დასრულდება. 

 

კომენტარები