რუსეთი-საქართველო

რუსეთის ფოსტა საქართველოში პირდაპირ ავიაგადაზიდვებს განიხილავს – რუსული მედია

РИА Новости

რუსეთის ფოსტა საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости რუსულ ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს

"რამდენიმე ავიაკომპანიიდან სტაბილური ფრენების დაწყების შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ საქართველოში გზავნილების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას". - ამბობენ რუსეთის ფოსტაში. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, რუსეთიდან საქართველოში ავიაგადაზიდვები ახლა მესამე ქვეყნების გავლით სრულდება.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუცილებელი ნებართვა დღეს, 16 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 17 მაისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

კომენტარები