ნიკოლა სარკოზის საქმე

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა – სარკოზს შიდაპატიმრობა მიესაჯა

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ კორუფციის საქმე სააპელაციო სასამართლოშიც წააგო. თუმცა, პარიზის სააპელაციო სასამართლომ, მას ციხეში პატიმრობა შიდაპატიმრობით შეუცვალა - იმ პირობით, რომ ატარებს ელექტრონულ სამაჯურს. 

2014 წელს ცალკეული საქმეებისთვის მოსამართლეზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის 2021 წელს სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მათ შორის ორი პირობითი.

67 წლის ყოფილი პრეზიდენტი პირველი პრეზიდენტია საფრანგეთში, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა.


გამოძიების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზიმ L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისგან უკანონოდ ფულის მიღების საქმის დეტალების სანაცვლოდ მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. 

პროკურატურის საქმე დამყარებული იყო სარკოზისა და მისი ადვოკატის ტერი ერზოგის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე. სარკოზიმ და ერზოგმა სატელეფონო საუბრების მოსმენა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დარღვევად გამოაცხადეს, თუმცა 2016 წელს სასამართლომ მათი სამხილებად გამოყენება დასაშვებად მიიჩნია.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სარკოზიმ ყალბი სახელით შეიძინა ტელეფონი თავის ადვოკატთან საიდუმლო საუბრებისთვის. ოცამდე შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი განიხილავდნენ გილბერტ აზიბერთან დაკავშირების შესაძლებლობას. აზიბერი საფრანგეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარი იურისტია. პროკურორების თანახმად, აზიბერს დაევალა ბეტანკურთან დაკავშირებული სასამართლო გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ საქმის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა სარკოზის სასარგებლოდ. რის სანაცვლოდაც სარკოზი თავის კავშირებს გამოიყენებდა, რათა აზიბერს მონაკოში პრესტიჟული სამუშაო ადგილი დაეკავებინა.

სარკოზის თანახმად, გილბერტ აზიბერს მონაკოში არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობით მსგავსი სახის შეთავაზებაც კი უკვე კორუფციად მიიჩნევა.

კომენტარები