ნიკოლა სარკოზის საქმე

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დაიწყო

ორშაბათს მოსამართლის მოსყიდვის მცდელობისთვის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დაიწყო.

სარკოზი 6 წელი ცდილობდა, მის წინაღმდეგ საქმე სასამართლოს განსახილველად არ მიეღო.

პროკურორების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზიმ L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისგან უკანონოდ ფულის მიღების საქმის დეტალების სანაცვლოდ მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. 

პროკურატურის საქმე დამყარებულია სარკოზისა და მისი ადვოკატის ტერი ერზოგის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე. სარკოზიმ და ერზოგმა სატელეფონო საუბრების მოსმენა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დარღვევად გამოაცხადეს, თუმცა 2016 წელს სასამართლომ მათი სამხილებად გამოყენება დასაშვებად მიიჩნია.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სარკოზიმ ყალბი სახელით შეიძინა ტელეფონი თავის ადვოკატთან საიდუმლო საუბრებისთვის. ოცამდე შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი განიხილავდნენ გილბერტ აზიბერთან დაკავშირების შესაძლებლობას. აზიბერი საფრანგეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარი იურისტია. პროკურორების თანახმად, აზიბერს დაევალა ბეტანკურთან დაკავშირებული სასამართლო გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ საქმის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა სარკოზის სასარგებლოდ. რის სანაცვლოდაც სარკოზი თავის კავშირებს გამოიყენებდა, რათა აზიბერს მონაკოში პრესტიჟული სამუშაო ადგილი დაეკავებინა.

სარკოზის თანახმად, გილბერტ აზიბერს მონაკოში არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობით მსგავსი სახის შეთავაზებაც კი უკვე კორუფციად მიიჩნევა.

2021 წლის მარტში სარკოზის კვლავ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა. მას და კიდევ 13 პირს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ დარღვევებს ედავებიან. პროკურატურის თანახმად, სარკოზის გუნდმა ყალბი ინვოისების სქემის საშუალებით კამპანიაზე 43 მილიონი ევრო დახარჯა, რაც კანონით გათვალისწინებულ ლიმიტს ორჯერ აღემატება.

გასულ თვეს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩადენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს. ბრალდება კრიმინალურ კავშირებზე ლიბიიდან მიღებულ დაფინანსებას უკავშირდება. ლაპარაკია ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფისგან საიდუმლოდ მიღებულ 50 მილიონ ევროზე.

სარკოზის 2018 წელს უკვე წარუდგინეს ბრალი კორუფციის, საჯარო ფინანსების დამალვის, გაფლანგვისა და კამპანიაში არალეგალური ფინანსების გამოყენების მუხლებით. იანვარში ქვეყნის ფინანსურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება გაფართოვდებოდა და საქმეში მონაწილე პირებს კიდევ ერთი მუხლით წაუყენებდნენ ბრალს. 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ლიბიის რეჟიმიდან დაფინანსების მიღების გამო ბრალი უკვე აქვს წარდგენილი საქმეში მონაწილე ერთ-ერთ პირს.

მან წაყენებული ბრალი პარიზის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტები ყალბია, თუმცა სასამართლომ გასულ თვეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, სარკოზის საჩივარი არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სამხილებად დოკუმენტების გამოყენება შესაძლებელია. სარკოზი ამ საქმეზე 2018 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს.

კომენტარები