ნიკოლა სარკოზის საქმე

ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ნიკოლა სარკოზი

სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო და მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

CNN-ის ცნობით, 66 წლის სარკოზი სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდის, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარკოზის შეუძლია, სასჯელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატაროს. 

პროკურატურის მტკიცებით, 2012 წლის არჩევნებში სარკოზიმ კანონით დაშვებულ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი PR კომპანია დაიქირავა

"სარკოზიმ იცოდა კანონით განსაზღვრული შეზღუდვის არსებობის შესახებ, თუმცა მან მაინც გადააჭარბა ლიმიტს". – განმარტა მოსამართლემ. 

აღსანიშნავია, რომ სარკოზი პირველი მაღალჩინოსანია საფრანგეთის უახლეს ისტორიაში, რომელსაც სასამართლომ ერთ წელში ორი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. 

კორუფციაში ჩართულობისა და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობისთვის საფრანგეთის სასამართლომ 2021 წლის მარტში სარკოზი დამნაშავედ ცნო

ნიკოლა სარკოზი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.


გამოძიების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზიმ L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურისგან უკანონოდ ფულის მიღების საქმის დეტალების სანაცვლოდ მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. 

პროკურატურის საქმე დამყარებული იყო სარკოზისა და მისი ადვოკატის ტერი ერზოგის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე. სარკოზიმ და ერზოგმა სატელეფონო საუბრების მოსმენა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დარღვევად გამოაცხადეს, თუმცა 2016 წელს სასამართლომ მათი სამხილებად გამოყენება დასაშვებად მიიჩნია.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სარკოზიმ ყალბი სახელით შეიძინა ტელეფონი თავის ადვოკატთან საიდუმლო საუბრებისთვის. ოცამდე შემთხვევაში ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი განიხილავდნენ გილბერტ აზიბერთან დაკავშირების შესაძლებლობას. აზიბერი საფრანგეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარი იურისტია. პროკურორების თანახმად, აზიბერს დაევალა ბეტანკურთან დაკავშირებული სასამართლო გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ საქმის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა სარკოზის სასარგებლოდ. რის სანაცვლოდაც სარკოზი თავის კავშირებს გამოიყენებდა, რათა აზიბერს მონაკოში პრესტიჟული სამუშაო ადგილი დაეკავებინა.

სარკოზის თანახმად, გილბერტ აზიბერს მონაკოში არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობით მსგავსი სახის შეთავაზებაც კი უკვე კორუფციად მიიჩნევა.

 

კომენტარები