პირდაპირი ფრენები რუსეთთან

საქართველოს მიმართულებით ფრენის ნებართვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ მოითხოვა

rustourismnews

რუსული ავიაკომპანია Red Wings თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ავრცელებს

რუსული მედია კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებენ. 

"ავიაკომპანიამ მოითხოვა ნებართვა მოსკოვი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი მიმართულებით ფრენებისთვის. განრიგის შედგენისას და ფრენების დაწყებისას Red Wings იხელმძღვანელებს რუსეთის სამინისტროს გადაწყვეტილებით". - ამბობენ ავიაკომპანიის პრესსამსახურში. 

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების შესრულებაზე მიმართვები მიიღეს, როგორც რუსული, ასევე ქართული ავიაკომპანიებისგან. მოთხოვნა არის სამი, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილების მიღებისას ორი ძირითადი კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ. ისინი დაუშვებენ ბორტებს, რომლებიც გადიან ტექნიკურ შემოწმებას და არიან ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიებს, რომლებსაც "საერთაშორისო თანამეგობრობისგან პრობლემა არ აქვთ". 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 15 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას რუსული ავიაკომპანია Азимут-ი დაიწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები