საქართველო-რუსეთი

17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას Azimuth-ი დაიწყებს

17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Azimuth-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Azimuth-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 15 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები