საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

დავითაშვილი რუსეთთან ფრენებზე: მოთხოვნა გვაქვს ბათუმის, თბილისის და ქუთაისის მიმართულებაზე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთსა და საქართველის შორის ფრენების შესრულებაზე მიმართვები მიიღეს, როგორც რუსული, ასევე ქართული ავიაკომპანიებისგან და  მოთხოვნა არის სამი, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილების მიღებისას ორი ძირითადი კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ. ისინი დაუშვებენ ბორტებს, რომლებიც გადიან ტექნიკურ შემოწმებას და არიან იკაოს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიებს, რომლებსაც "საერთაშორისო თანამეგობრობისგან პრობლემა არ აქვთ". 

"ჩვენ მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან.  საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, იმისთვის, რომ შეგვესწავლა, თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით და თქვენ დღეს, ალბათ, უკვე მოისმინეთ ავიაციის სააგენტოს განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას რომელსაც ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც რუსეთთან ფრენები გააჩნიათ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები, არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული ამ ქვეყნის ბაზარზე და საქართველოს გადაწყვეტილებაც ასეთია. [...] ბორტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, არ აქვთ წვდომა კვალიფიციურ შეკეთებაზე, სერვისზე, მომსახურებაზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ".- აცხადებს დავითაშვილი.  

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

რუსული მედია РБК- საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალი კვირიდან რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი და Georgian Airways-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ. ამავე ინფორმაციით, ფრენები ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაიწყება. 

"Azimuth-ს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენები 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს კი – 18 მაისიდან". – წერს რუსული მედია.  

კომენტარები