არჩევნები თურქეთში

ერდოღანი: შედეგების ნაადრევი გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, არჩევნების შედეგების ნაჩქარევი გამოცხადება ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ წასვლაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გავრცელებულ პირველ კომენტარში დაწერა.

"არჩევნები პოზიტიურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს". - წერს Twitter-ზე ერდოღანი.

როგორც ჩანს, ერდოღანის შენიშვნის ადრესატი მისი მთავარი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ერდოღანზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. 

"წინ ვართ" - თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარი კონკურენტი

ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და მოუწოდა მისი პარტიის წარმომადგენლებს, არ დატოვონ ყუთები დათვლის საბოლოო დასრულებამდე.

სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო AA-ს ინფრომაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ დროისთვის 50%-ს ჩამოცდა. გასათვალისწინებელია, რომ ხმების 90% უკვე დათვლილია, აქედან ერდოღანს 49% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი 44.38%.

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

კომენტარები