არჩევნები თურქეთში

"წინ ვართ" – თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარი კონკურენტი

თურქეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ქემალ ქილაჩოდოღლუს თქმით, ის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში უგებს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო მედიის მონაცემებით, ერდოღანი ლიდერობს.  

"წინ ვართ". - წერს Twitter-ზე ქილაჩოდოღლუ. 

მანამდე,სტამბოლის ოპოზიციურმა მერმა ეკრემ იმამოღლუმ წინა არჩევნების წინასწარი შედეგების გაშუქებისას მანიპულირების საფრთხის გამო აღნიშნა, რომ არავინ უნდა გაითვალისწინოს წინასწარი შედეგები, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Anadolu Agency ავრცელებს.

თურქული მედიის მიერ გავრცელებულმა Anadolu-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი 52.55%-ს იღებდა, ხოლო ქილიჩდაროღლუ 41.55%-ს.

ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია და მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ის ერდოღანის მთავარ კონკურენტად დაასახელა. 

მოსალოდნელი იყო, რომ თავდაპირველი შედეგები ერდოღანისთვის იქნებოდა ხელსაყრელი, რადგან პირველად დაითვალა კონსერვატიული სოფლის ცენტრები, სადაც ამომრჩეველი უპირატესობას ერდოღანს ანიჭებს. 

ბოლო მონაცემებით, ხმათა ნახევარზე მეტი უკვე დათვლილია. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AA-ს ინფრომაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 51.9%-ს ფლობს, ქილიჩდაროღლუ კი 42.3%-ს. 

Anka-ს მონაცემებით კი ერდოღანი ხმების 47.4%-ს ფლობს, ხოლო ქილიჩდაროღლუს 46.8%-ს. ხმათა 44.5%-ია დათვლილი. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

დღეს თურქეთში 64 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ორ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი - ვინ სურთ პრეზიდენტად მომდევნო 5 წლის განმავლობაში და, ასევე, გადააეწყვიტათ ვინ გააკონტროლებს პარლამენტს. პოლიტიკური პარტიებისთვის 600-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის ფლობა კანონების მისაღებად მნიშვნელოვანია. 

Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერისთვის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ეს ყველაზე რთული არჩევნებია. ოპოზიციის მთავარი დაპირება პრეზიდენტის უფლებამოსილების უკან დაბრუნება და ქვეყნის ისევ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლაა. 

კომენტარები