რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: უკრაინელებს აქვთ, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ტერიტორიები წარმატებით დაიბრუნონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
Alex Brandon/AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მოსალოდნელი კონტრშეტევისას ტერიტორიის დასაბრუნებლად უკრაინას საჭირო რესურსი აქვს. 

"მათ [უკრაინელებს] ადგილზე აქვთ, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელონ იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში ძალით მიიტაცა. არ იგულისხმება მხოლოდ იარაღი, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგიც. გარდა ამისა, უკრაინელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ სისტემები, რომლითაც ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ და, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ წარმატების მისაღწევად მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები". – თქვა ბლინკენმა.

ამასთანავე, აშშ-მ უკრაინაში დამატებითი $1.2 მილიარდის გაგზავნის შესახებ განცხადება გაავრცელა. დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და საბრძოლო მასალის მომარაგების ზრდას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ 9 მაისს პენტაგონის სპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა დაადასტურა, რომ რუსული კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემით ჩამოაგდეს. 

"შემიძლია დავადასტურო, რომ მათ რუსული რაკეტა Patriot-ის სარაკეტო სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს". – თქვა რაიდერმა.

კომენტარები