5 ივლისის ძალადობა

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს სასჯელი შეუმცირა

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ პუტინისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდება მოუხსნა, ხოლო ძალადობის მუხლებში დამნაშავედ ცნო. 

დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ბრალდებით დავით კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინეს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი მოძალადე დააკავა. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები