პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთი: შავი ზღვის თავზე რუსულმა Су-35-მა ჩვენს თვითმფრინავს გზა გადაუჭრა

რუსული Су-35

პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს ცნობას, რომ შავი ზღვის თავზე მათ მოკლე მანძილზე საფრენ L-410 Turbolet-ის ტიპის თვითმფრინავს რუსულმა ავიაგამანადგურებელმა Су-35-მა გზა გადაუჭრა და "აგრესიული და სახიფათო მანევრები" შეასრულა. 

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თვითმფრინავმა, რუსული გამანადგურებლების მოქმედებების შედეგად, კონტროლი მცირე ხნით დაკარგა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა 5 მაისს მოხდა.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვაში ამბობენ, რომ მათი თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ატარებდა ევროკავშირის საზღვრის დაცვის მისიას, სააგენტო Frontex-ის (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო) დავალების ფარგლებში.

როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მათი თვითმფრინავი დაფრინავდა შავი ზღვის თავზე, როცა რუსული გამანადგურებელი "მოფრინდა რადიო კავშირის გარეშე იმ ოპერაციულ ზონაში, რომელიც დანიშნული იყო რუმინეთის მიერ, შემდეგ შეასრულა აგრესიული და სახიფათო მანევრები".

განცხადების მიხედვით, რუსული გამანადგურებელი პოლონურ თვითმფრინავს სამჯერ მიუახლოვდა, რასაც ამ უკანასკნელის ტურბულენტობა მოჰყვა და ეკიპაჟზე მყოფმა ხუთმა მესაზღვრემ სიმაღლე და კონტროლი დროებით დაკარგა.

სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ რუსული გამანადგურებელი მათი თვითმფრინავის წინ დაფრინავდა, გზას უჭრიდა. ეკიპაჟის წევრების შეფასებით, ორ თვითმფრინავს შორის დაშორება 5 მეტრი იყო. მას შემდეგ, რაც პოლონელმა პილოტებმა წონასწორობა დაკარგეს, რუსული გამანადგურებელი გაფრინდა. შემთხვევის შემდეგ, პოლონელი მესაზღვრეების ეკიპაჟი რუმინეთში მშვიდობიანად დაეშვა.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი დაგმო. ბუქარესტში აღნიშნეს, რომ პოლონური თვითმფრინავი Frontex-ის დავალებას ასრულებდა, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით. 

კომენტარები